სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

NGO-ები საკონსტიტუციოს ლონდა თოლორაიას სარჩელის პრიორიტეტულად განხილვისკენ მოუწოდებენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ პრიორიტეტულად განიხილოს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. ორგანიზაციები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ეს აუცილებელია პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.

"კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს თუ "არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე". ასევე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება თუ "ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს". აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ დგას კონსტიტუციური სტანდარტების პირველადი განმარტების საჭიროების წინაშე. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქმის გადაწყვეტის სამართლებრივ ტვირთს". – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გამოავლინოს სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარების ნება და შეაჩეროს ახლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე არჩევის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • უფლებები საქართველო
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელით მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მის ბაზაზე შექმნილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში უსმენს.


13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები