სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ომბუდსმენმა საკონსტიტუციოში ინსპექტორის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

"სახელმწიფო ინსპექტორი თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის განსაკუთრებული გარანტიებით სარგებლობის, ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება იყოს გამართლებული, რასაც ადგილი არ ჰქონია ამ შემთხვევაში. კანონპროექტის განხილვის ეტაპზე საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულის თაობაზე განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტს არ მიეღო არაკონსტიტუციური ცვლილებები". – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ სადავო ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებულია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც აუქმებს სამსახურს, ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორს (მის მოადგილეებს) და რომლებიც ინსპექტორის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელყოფენ.

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები