სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

"ინფორმაციის გამოქვეყნება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს" – თოლორაია სააკაშვილს

სახელმწიფო ინსპეტორი, ლონდა თოლორაია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება და განმარტავს, რომ გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, ვიდეოების და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

ლონდა თოლორაიას თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მისივე თქმით, მით უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არაა დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი (რასაც სამსახური პატივს სცემს), საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს ქმედება უნდა იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი [...]

შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები. 

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი. სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას". – ასე ეხმაურება სახელმწიფო ინსპექტორი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ინსპეტორს, ლონდა თოლორაიას მოუწოდა გამოაქვეყნოს ყველა ვიდეო და შუალედური დასკვნა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

ექსპრეზიდენტის მიმართვაში ვკითხულობთ, რომ ლონდა თოლორაია "სიმართლისა და ისტორიის წინაშე" ვალდებულია საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს, რაც ხელთ აქვს.


13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.

საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები