სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სააკაშვილი თოლორაიას: მოგიწოდებთ, გამოაქვეყნოთ ყველა ვიდეო და შუალედური დასკვნა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპეტორს, ლონდა თოლორაიას მოუწოდებს გამოაქვეყნოს ყველა ვიდეო და შუალედური დასკვნა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

ექსპრეზიდენტის მიმართვაში ვკითხულობთ, რომ ლონდა თოლორაია "სიმართლისა და ისტორიის წინაშე" ვალდებულია საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს, რაც ხელთ აქვს.

"მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს – ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა.

თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან.

ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს – ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს!" – წერს მიხეილ სააკაშვილი.

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.

საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები