საქართველო-უკრაინა

სირცხვილიამ ღარიბაშვილს ქუთაისი-კიევის ბილეთი უყიდა

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისი-კიევის მიმართულებით ბილეთი უყიდა.

"ბატონო ირაკლი,

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” დარწმუნებულია, რომ თქვენ მიერ უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავების არაერთი სერიოზული მიზეზი არსებობს, მაგალითად: საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე, მთავრობის ხარჯების შემცირების პოლიტიკა 2022 წლისთვის და რაც მთავარია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდინფიცირების ფონზე.

ვითვალისწინებთ რა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციული სახსრებით დააფინანსოს თქვენი მგზავრობა ქუთაისი-კიევის მიმართულებით. თქვენი 5-დღიანი იზოლაციისა და შემდგომი კოვიდ-რეაბილიტაციის ვადების გათვალისწინებით, ქუთაისი-კიევის მიმართულებით შესყიდული იქნა 2022 წლის 10 თებერვლის ავიაბილეთი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩასხდომის დროა 04:05 საათი, ტრანზიტი ლატვიაში (რიგის საერთაშორისო აეროპორტი) - 06:10 საათი, ხოლო ჩაფრენა დანიშნულების ადგილას - 01:05 საათი.

გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ Covid-19 სერთიფიკატი (მწვანე პასპორტი) ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ბილეთის ელექტრონული ვერსია გამოგზავნილია თქვენს პირად ელექტრონულ მისამართზე. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია მზად არის პირადად გადმოგცეთ ბილეთი". - წერია სირცხვილიას განცხადებაში.  

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები