საქართველო-უკრაინა

იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ იმედი აქვს უკრაინის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ "საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით."

"რა კონტექსტშიც ხდება უკრაინული მხარის გააქტიურება, არის საქართველოს როლი დაკავშირებდობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ.

დღეს საქართველოსთან ურთიერთობები, საქართველოს გავლით ურთიერთობები ბევრს სახელმწიფოს ესაჭიროება, რაც ბუნებრივია ამას ვერავინ გაექცევა და არ არის გამორიცხული, რომ იგივე საჭიროებები დგას უკრაინული მხარისთვისაც. აქედან გამომდინარე, ადვილად ასახსნელია თუ რატომ სჭირდებათ დღეს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება.

(...) მე დარწმუნებული ვარ, კამერის მიღმა და იმ სიტყვების მიღმა ყველამ კარგად იცის რამდენად უსამართლო იყო ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ შეცვლილ რიტორიკას, იქაც იგრძნობა სხვაობა, თუნდაც კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ხედავ უსამართლო დამოკიდებულებას, სრულიად არარეალურ კომენტარებს, რეზოლუციებს, ნაბიჯებს, რთულია ამ ყველაფრის ერთ დღეში შემობრუნება და ამ ყველაფრის დავიწყება.

ჩვენ გვესმის ესეც, რომ ასე ვერ მოხდება, თუმცა გარკვეული დინამიკა, რაც შეიმჩნევა, მე იმედი მაქვს, რომ მივალთ იქამდე, რომ ეს დამოკიდებულება უკვე საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით." - თქვა ბოჭორიშვილმა სანქცირებული TV იმედის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ივანიშვილის პრემიერს ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.

ხოლო, 6 მაისს სამინისტროს განცხადებით, სიბიჰასა და ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო ზარი გაიმართა, რა დროსაც მხარეებმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს. 

კომენტარები