კორონავირუსი მსოფლიოში

WHO-ს დირექტორი: სახიფათოა ვარაუდი, რომ ომიკრონი ბოლო ვარიანტია და პანდემიის დასასრულში ვართ

ჯანმოს დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ჯერჯერობით იდეალური პირობები არსებობს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები კიდევ გამოვლინდეს და სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ ომიკრონი ბოლო ვარიანტი იქნება.

"სხვადასხვა სცენარი არსებობს, როგორ შეიძლება პანდემია განვითარდეს და აქტიური ფაზა დასრულდეს, მაგრამ სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ ომიკრონი ბოლო ვარიანტია და პანდემიის დასასრულში ვართ. საპირისპიროდ, გლობალურად ახალი ვარიანტების გამოვლენისთვის პირობები იდეალური რჩება." – თქვა გებრეისუსმა.

თუმცა ჯანმოს დირექტორმა აღნიშნა, რომ 2022 წელს შესაძლებელია იმის მიღწევა, რომ Covid-19 აღარ წარმოადგენდეს ისეთივე მწვავე საფრთხეს მსოფლიოს ჯანდაცვისთვის.  გებრეისუსის თქმით, ამისთვის საჭიროა ჯანმოს მიერ დასახული ისეთი მიზნების მიღწევა, როგორიცაა 2022 წლის შუა პერიოდამდე თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 70%-ის აცრა, ყურადღების გამახვილება რისკჯგუფებზე, ტესტირების და ახალი ვარიანტების გამოვლენის ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

ჯანმოს დირექტორი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში Covid-თან ერთად ვიცხოვრებთ და უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ მას. 

"თუმცა Covid-თან თანაცხოვრების სწავლა არ ნიშნავს, რომ ვირუსს თავისუფლება მივცეთ. არ შეიძლება, რომ კვირაში 50 000 ადამიანი ეწირებოდეს ავადმყოფობას, რომლის თავიდან აცილება და მკურნალობა შესაძლებელია." – თქვა  გებრეისუსმა.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ თქვა, რომ ომიკრონის გავრცელებით Covid-19-ის პანდემია ახალ ფაზაში გადავიდა და შეიძლება, ევროპაში დასრულდეს. თუმცა კლუგემ ასევე აღნიშნა, რომ ნაადრევია, Covid-19-ის გავრცელების ენდემიად განხილვა. 

კვლევების მიხედვით, კორონავირუსის ვარიანტი ომიკრონი დელტაზე მსუბუქ ავადმყოფობას იწვევს. ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება და ბევრ ქვეყანაში უკვე გახდა დომინანტური ვარიანტი. ასევე სხვა შტამებთან შედარებით ომიკრონით ინფიცირება უფრო მარტივია აცრილებისა და კოვიდგადატანილებისთვისაც.

კომენტარები