აშშ-რუსეთი

ფსაკი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შევიმუშავეთ კონკრეტული სანქციები რუსეთის ელიტისთვის

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ აშშ-მ შეადგინა იმ პირების სია, რომლებიც ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვიდან არიან და რომლებსაც რუსეთის აგრესიის შემთხვევაში სანქციებს დაუწესებენ.

"შემიძლია დავადასტურო, შევიმუშავეთ კონკრეტული სანქციების პაკეტები რუსეთის ელიტისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მუშაობა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული პირები არიან კრემლის შიდა წრიდან, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ან, სულ მცირე, კავშირი აქვთ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან." – თქვა ფსაკიმ.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ამ ადამიანებიდან ბევრი განსაკუთრებით მოწყვლადი სამიზნეა, რადგან ისინი ფინანსურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული დასავლეთთან და სანქციები მათ დიდ ზიანს მიაყენებს.

იანვრის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები