დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენმა პუტინს შესაძლოა პირადი სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირს პუტინს შესაძლოა სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

ჟურნალისტის შეკითხვას, დაუწესებს თუ არა ბაიდენი სანქციებს პუტინს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის ამას განიხილავს. 

ამას გარდა, ჯო ბაიდენმა ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპაში გადასხმისთვის მზადმყოფი 8 500 სამხედროს შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ძალები არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ NATO-ს ოპერაციის წარმომადგენლები არიან. შეკითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, რომ მან სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნოს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ "რას გააკეთებს პუტინი და რას არა". 

ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ, ან NATO არ აპირებს უკრაინაში ჯარის გაგზავნას.

"არ გვაქვს უკრაინაში ამერიკის, ან NATO-ს ძალების განთავსების განზრახვა. მაგრამ, როგორც ვთქვი, თუ [პუტინი] შეიჭრება, სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება", – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი სამხედრო მოქმედება იქნება.

"მთელი ამ ძალებით რომ შეიჭრას, ეს იქნება უდიდესი თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს მთელ მსოფლიოს შეცვლის", – აღნიშნა ბაიდენმა.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები