დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ქართველმა სტუდენტებმა დიდ ბრიტანეთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს

ქართველმა სტუდენტებმა დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციას, რომელშიც ბრიტანელი, ამერიკელი, სამხრეთკორეელი, რუსი, თურქი, უკრაინელი და ლიბანელი სტუდენტები ესწრებოდნენ, ჩივნინგის სტიპენდიატი ქართველი სტუდენტებიც შეუერთდნენ.  

აქციის ორგანიზატორები ქართველი სტუდენტები, ხათო გოგუაძე და ირინკა მამულაშვილი იყვნენ.

"ახლა უკრაინაში მსოფლიოს ბედი წყდება. ეს ბრძოლაა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. სიახლეებში ვხედავთ ათასობით უკრაინელის ქალის, კაცისა და ბავშვის ფოტოებს, რომლებიც საკუთარი მიწის რუსეთისგან დასაცავად იკრიბებიან. სულ მცირე, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ უკრაინის საელჩოსთან წავიდეთ და მსოფლიოს ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენოთ. 

ხანდახან ვფიქრობ, იგივე მოხდა ბრიტანეთის გარდა სხვა ევროპულ ქვეყნებში? ჩვენ ყველა ერთ გემზე ვართ, ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის, მე მინდა, მამაც უკრაინელ ხალხს ვუთხრა იგივე რამ, რაც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ გვითხრა 2008 წელს - თქვენ მარტო არ ხართ". - ამბობს გოგუაძე.  

აქციას გამოეხმაურა უკრაინის საელჩო ბრიტანეთში და ქართველ სტუდენტებს მადლობა გადაუხადა.  

"აქტივობისა და მხარდაჭერისთვის მოძმე ქართველი ხალხის მადლობელი ვართ. უკრაინელები აფასებენ ქართველების პრინციპულ პოზიციას კრემლის სამხედრო აგრესიაზე". - წერია განცხადებაში.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები