აშშ-რუსეთი

მხარდაჭერის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში, სანქციები პუტინზე – 9 სენატორის წერილი ბაიდენს

The Economic Times

9 ამერიკელმა სენატორმა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ერთობლივი წერილით მიმართა და აღმოსავლეთ ევროპაში მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა. სენატორები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან კრიზისი ხელოვნურად შექმნა. ამერიკელი კანონმდებლები ხაზს უსვამენ, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთის პირობები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს.

"ეს მოთხოვნები არა უსაფრთხოების გარანტიები, არამედ მცდელობაა, რომ ევროპაში რუსეთის გავლენის სფერო აღდგეს, სადაც კრემლი თავისუფლად შეძლებს აიძულოს და დაჩაგროს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები გახდნენ". – ნათქვამია სენატორების წერილში.

სენატორები მხარს უჭერენ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მჭიდრო თანამშრომლობას, რათა რუსეთის სახიფათო პოლიტიკას ცალსახა და კოორდინირებული პასუხი გაეცეს. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ გამოიჩინოს სიმამაცე და უარი თქვას ვლადიმირ პუტინის მიუღებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

"მიმდინარე კვირაში რუსეთის მთავრობასთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში გამართული შეხვედრების ფონზე, გვინდა გამოხატოთ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შემდეგი პუნქტების მიმართ:

  • რუსეთს არ აქვს ვეტოს დადების უფლება NATO-ს გაფართოებასა და ალიანსის ზრდაზე. ამას მხოლოდ NATO-ს წევრები გადაწყვეტენ;
  • აშშ და მისი მოკავშირეები იცავენ პრინციპს – "არავითარი გადაწყვეტილებები ან დისკუსიები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე", რაც ასევე უნდა ვრცელდებოდეს საქართველოზეც;
  • NATO-ს კარი ღია რჩება ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ აიღონ წევრობის ვალდებულებები და რომელთა წევრობა ხელს უწყობს უსაფრთხოებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში;
  • რუსეთის აგრესიის შესაკავებლად NATO-მ უნდა განიხილოს ალიანსის აღმოსავლეთით სამხედრო განლაგების ზრდა, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში;
  • რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის საჭიროა დამატებითი სამხედრო დახმარება და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა განიხილონ მსგავსი ზომები;
  • აშშ-მ და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა დააწესონ სანქციები პუტინსა და მის ახლო წრეზე, რადგან ისინი აგრძელებენ მუქარას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების მიმართ.

სამყარო, სადაც ავტორიტარებს სჯერათ, რომ გზის გაკვალვა შეუძლიათ იძულებისა და დაშინების გზით, საფრთხეს უქმნის ამერიკელების უსაფრთხოებას საზღვარგარეთ და მათივე კეთილდღეობას სამშობლოში". – აღნიშნავენ სენატორები.

წერილს ხელს აწერენ სენატორები:

  • მარკო რუბიო
  • ჯინ შაჰინი
  • ტომ თილისი
  • ქრისტოფერ კუნსი
  • ჯონი ერნსტი
  • ჯეფრი მერკლი
  • მაიკლ რაუნდსი
  • კორი ბუკერი
  • ჯონ ბარასო

10 იანვარს აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მხარეების პოზიციები უცვლელია უკრაინასთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. დაკავშირებით. ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები, რაზეც აშშ-ს მხარე ამბობს, რომ მიუღებელია. რიაბკოვის თქმით, რუსეთს სჭირდება გარანტიები, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ში არ შევლენ.


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები