NATO-რუსეთი

რიაბკოვი: რუსეთს სჭირდება გარანტიები, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ში არ შევლენ

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთს სჭირდება უკრაინისა და საქართველოს NATO-ში არშესვლის გარანტიები. 

"ხაზს ვუსვამთ,ჩვენთვის სრულად აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არასდროს გახდება. ჩვენ გვსურს, რომ მადრიდის სამიტზე NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული ფორმულა უკან იქნას წაღებული და შეიცვალოს როგორც: "უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები"", – თქვა რიაბკოვმა.

"ჩვენ მოგვბეზრდა ფუჭი საუბრები, სანახევრო დაპირებები, არასწორი ინტერპრეტაციები, რაც ხშირად ხდებოდა დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვესაჭიროება რკინაბეტონივით მყარი, იურიდიული მნიშვნელობის გარანტიები, არა დაპირებები, არამედ გარანტიები, სიტყვებით: "უნდა", "ვალდებულები არიან", არასდროს გახდნენ NATO-ს წევრები. ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", – დაამატა რიაბკოვმა. 

10 იანვარს ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა, მხარეები საკუთარ ძველ პოზიციებზე დარჩნენ. 

"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მიაჯახუნოს, რაც NATO-სთვის მუდამ მნიშვნელოვანი იყო", – თქვა შერმანმა შეხვედრის შემდეგ. 


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები