საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთში აქციების დროს 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

CNN

ყაზახეთში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 5 135 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა KazTAG-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი 134 პირი დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 516 ადამიანი ადმინისტრაციული ბრალდებებითაა დაკავებული. უწყების თქმით, დანარჩენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს "შესამოწმებელი და ოპერატიული ღონისძიებები". 

ასევე დაკავებულთა შორისაა 300 ადამიანი, რომლებიც ტრანსპორტით და ფეხით ცდილობდნენ ყაზახეთის დატოვებას. ისინი საზღვართან შეიარაღებულები დააკავეს.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დემონსტრანტებთან დაპირისპირებაში დაიღუპა 16 სამართალდამცველი და დაშავდა – 1 300.


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

5 იანვარს მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე დემონსტრანტები. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს მომიტინგეებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეუძლიათ.

თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებისთვის დახამრება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ). ОДКБ-მ ყაზახეთში სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში სამხედროების შეყვანა პირველმა რუსეთმა დაიწყო. ОДКБ-ს მისიის ფარგლებში დასრულდა ყაზახეთში სომეხი სამხედროების გადაყვანაც.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები