საპროტესტო აქციები ყაზახეთში

მუხთარ აბლიაზოვი: თავს ყაზახეთის ოპოზიციის ლიდერად აღვიქვამ

მუხთარ აბლიაზოვი

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თქვა, რომ ის თავს ოპოზიციის ლიდერად აღიქვამს და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდებს

"[თუ დასავლეთი არ დაგვეხმარება], ყაზახეთი გადაიქცევა ბელარუსად და პუტინი თანმიმდევრულად განახორციელებს თავის გეგმას, ხელახლა შექმნის საბჭოთა კავშირის მსგავს სტრუქტურას. დასავლეთმა ყაზახეთი რუსეთს ხელიდან უნდა გამოგლიჯოს. რუსეთი უკვე ჩაერთო, ჯარი გამოგზავნა. ОДКБ რუსეთია. ეს რუსეთის ოკუპაციაა", – ამბობს აბლიაზოვი. 

აბლიაზოვს არ უხსენებია თუ როგორ უნდა შეძლოს რუსეთისთვის ყაზახეთის "ხელიდან გამოგლეჯვა". 

აბლიაზოვს ყაზახეთში პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს თაღლითობის, მითვისებისა და მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით. ბრალი წაყენებული აქვს რუსეთშიც. ის დღეს საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. საკუთარ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ის ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას 1998-1999 წლებში იკავებდა. მას ბრალს სდებდნენ 2016 წლის ყაზახეთის საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. 

"ჩემს თავს ოპოზიციის ლიდერად აღვიქვამ. დემონსტრანტები ყოველ დღე მირეკავენ და მეკითხებიან: რა უნდა გავაკეთოთ? აი, აქ ვდგავართ, რა გავაკეთოთ?", – ამბობს აბლიაზოვი. 

აბლიაზოვის თქმით, ის მზადაა ყაზახეთში დაბრუნდეს და დროებით მთავრობას გაუძღვეს, თუ საპროტესტო აქციები უფრო განვითარდება. 

"მე უბრალოდ არ დავბრუნდები – ხახლი მეკითხება თუ როდის დავბრუნდები და მემდურებიან პროტესტის გასაძღოლად რომ არ ვბრუნდები. მაგრამ ხალხს არ ესმის რა რთულია ჩემთვის დაბრუნება, როცა რუსეთს ჩემთვის 15 წელი, ყაზახეთს კი სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი", – თქვა აბლიაზოვმა Reuters-თან. 

ის დემონსტრანტების დასავლეთის მიერ დაფინანსებას უარყოფს. 

"დასავლელი ჯაშუშის საბჭოთა კლიშე ვიცი, მაგრამ მეც ბედნიერი ვიქნებოდი, ამერიკელი ან ევროპელი ჯაშუში რომ ვყოფილიყავი. მაშინ ჩვენ ამერიკის ან ევროპის მსგავსად ვიცხოვრებდით და ყველა ბედნიერი იქნებოდა. სამწუხაროდ, დასავლეთი არ მეხმარება, დასავლეთი ხელს მიშლის", – თქვა აბლიაზოვმა.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

რუსეთმა, ОДКБ-ს კონტინგენტის ფარგლებში, ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა.

კომენტარები