საპროტესტო აქციები ყაზახეთში

თოყაევი: რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქში დავრჩები

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. 

"რაც არ უნდა მოხდეს, მე დედაქალაქში დავრჩები", – მიმართა მოსახლეობას თოყაევმა. 

ამას გარდა, თოყაევმა განაცხადა, რომ ის უშიშროების საბჭოს გაუძღვება.

"დღეიდან მე გავუძღვები ყაზახეთის უშიშროების საბჭოს", – განაცხადა თოყაევმა. 

აქამდე, ეს პოსტი, სამუდამო ვადით, ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს. 

ამას გარდა, თოყაევის თქმით, ბოლო მოვლენებში მოკლულია რამდენიმე სამართალდამცველი. ის დემონსტრანტებსა და "სამოქალაქო არეულობის მონაწილეებს" მკაცრი ზომებით ემუქრება.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა. დედაქალაქ ნურ-სულთანში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 

კომენტარები