კორონავირუსი მსოფლიოში

კვიპროსში დელტასა და ომიკრონის კომბინირებული შტამი, დელტაკრონი აღმოაჩინეს

Bloomberg-ის ინფორმაციით, კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამი – დელტაკრონი აღმოაჩინეს, რომელიც დელტასა და ომიკრონს აერთიანებს. ​აღმოჩენის შესახებ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა, ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლეონიდიოს კოსტრიკისმა ისაუბრა.

"ამჟამად არსებობს ომიკრონისა და დელტას ერთობლივი ინფექციები და ჩვენ აღმოვაჩინეთ შტამი, რომელიც მათი კომბინაციაა. მომავალში ვნახავთ, ეს შტამი იქნება თუ არა უფრო პათოლოგიური, გადამდები და გაბატონდება თუ არა სხვა შტამებზე". – თქვა კოსტრიკისმა.

მისივე აზრით, დელტაკრონი ომიკრონის მსგავსად ძალიან გადამდები იქნება. მეცნიერებმა დელტაკრონის 25 შემთხვევა გამოავლინეს და სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის უფრო ხშირად ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გვხვდება.

ომიკრონი პირველად 2021 წლის ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

კომენტარები