COVID-19

ჯანმო: ომიკრონი დელტა ვარიანტზე გადამდებია და ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. 

ამჟამად COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა, 65-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ მის შესახებ არსებული ინფორმაცია ჯერაც არ აძლევთ მეცნიერებს საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას.

ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორი დოზა მაინც უზრუნველყოფს ომიკრონით გამოწვეული მძიმე გართულებებისგან დაცვას, წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა, რომ მაქსიმალური დაცვა Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღებით მიიღწევა.

COVID-19-ის გავრცელებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად ისევ ვაქცინაცია რჩება". – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა.  

ომიკრონი 50-მდე მუტაციას შეიცავს, მისი ცილოვანი სტრუქტურა კი – 30-ზე მეტს.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, მისი არსებობა შემაშფოთებელია, რადგან სავარაუდოა, რომ მუტაციების სიჭარბემ ვირუსს გავრცელების შესაძლებლობები გაუზარდოს და იმუნურ სისტემაში შეღწევა გაუმარტივოს. 

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარიანტი, რომელიც ჩვენ დღემდე შეგვხვედრია. ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი კვლევები, რათა გავიგოთ მეტი ინფორმაცია მისი გავრცელების, სიმძიმისა და ვაქცინისადმი მგრძნობელობის შესახებ". – ამბობს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯენი ჰარისი.

 

კომენტარები