კორონავირუსის ახალი ვარიანტი

ჯანმო: მსოფლიოში ომიკრონი უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება.

ახალი ვარიანტის შემთხვევები ოფიციალურად 77 ქვეყანაში დადასტურდა. თუმცა ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სავარაუდოდ, ომიკრონი უკვე უფრო მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 

"ამ დროისთვის უკვე უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსის არასაკმარისად სერიოზულად აღქმა რამდენად სახიფათოა. იმ შემთხვევაშიც თუ ომიკრონი ნაკლებად მძიმე ავადმყოფობას იწვევს, ახალი შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება ჯანდაცვის მოუმზადებელი სისტემები კვლავ გადატვირთოს"- თქვა გებრეისუსმა.

ჯანმოს დირექტორის თქმით, ვაქცინის ბუსტერ დოზებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს Covid-19-ის გავრცელებაში, თუმცა გარკვეული პრიორიტეტები უნდა არსებობდეს.

"თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია. ბუსტერ დოზების გაკეთება იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მძიმე ავადმყოფობის და სიკვდილის რისკის წინაშე არ არიან, საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს, ვინც მიწოდების შეზღუდვების გამო ჯერ კიდევ ელოდება ვაქცინის პირველ დოზებს" - თქვა გებრეისუსმა.

ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ მათ შორის საქართველომ სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. 

ამჟამად COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა. მის შესახებ არსებული ინფორმაცია ჯერაც არ აძლევთ მეცნიერებს საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას.

ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

კომენტარები