"დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად". - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში წერს. წერილი საზოგადოებას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
"მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზისი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.
ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა". - წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურანლობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.