მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: ექიმებმა სააკაშვილის გაწერა გადაწყვიტეს, გადაყვანა დროებით გადავადდა

Georgian Journal

სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს. პენიტენციურის ინფორმაციით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან გაწერის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა ის თანამშრომლებს არ დაემორჩილა, რის გამოც მისი გადაყვანა დროებით გადავადდა. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის  27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც  სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ". - წერია განცხადებაში. 

27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მასთან 6 ადამიანი შევიდა და უთხრეს, რომ გადაჰყავდათ, თუმცა, ექსპრეზიდეტმა არ იცის - სად. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. 

"მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზისი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა". - წერს სააკაშვილი.  


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურანლობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები