NATO-რუსეთი

პესკოვი: უსაფრთხოების გარანტიები, NATO-ს გაფართოება ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, ბოლო ათწლეულებია დასავლეთი მეთოდურად ატყუებს რუსეთს აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოებაზე. პესკოვმა ამის შესახებ ტელეკომპანია Россия 1-ის გადაცემაში, მოსკოვი, კრემლი, პუტინი ისაუბრა.

"ამასთანავე ამ ტყუილის შედეგად ისეთ მდგომარეობამდე მივედით, როცა ჩვენი უსაფრთხოება NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო ინფრასტრუქტურის შემდგომი ექსპანსიის საფრთხის წინაშეა. [..] ამ მხრივ, უსაფრთხოების გარანტიების თემა, კონკრეტულად კი NATO-ს გავრცელება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა, სავარაუდოდ საბჭოთა კავშირში შემავალ სხვა ქვეყნებზეც... ჩვენთვის ეს უკვე ფაქტობრივად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია." – თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, დასავლური ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ მიიღოს ზომები უკრაინასთან ურთიერთობის დეესკალაციისთვის, მაგრამ იმავეს არავინ სთხოვს კიევს და არავინ ახსენებს უკრაინას რომ დაუშვებელია "მორიგი სამოქალაქო ომი". კრემლის სპიკერის თქმით, ეს მიუღებელია რუსეთის სამეზობლოში, რეგიონში "ბოლოს და ბოლოს ცხოვრობენ რუსი ადამიანები, რომელთა ბედი რუსეთისთვის სულერთი არ არის".

კრემლის სპიკერი მიიჩნევს, რომ აშშ-სთან და NATO-სთან მოლაპარაკებებში საჭიროა "თავშეკავებული ოპტიმიზმის" გამოვლენა.

"ახლა მნიშვნელოვანია მოთმინება და იანვარში მოლაპარაკებების დაწყება" – თქვა პესკოვმა.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები