ტაჯიკეთში დელეგაციასთან ერთად ვიზიტად მყოფი ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს მომალი რაჰმონს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, "ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს". მისი თქმით, შეიქმნა მთავრობათაშორისი კომისია ეკონომიკური საკითხების გარშემო და "სწორედ ამ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანამშრომლობის გაღრმავება ყველა მიმართულებით".
"ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო დღეს შევხვედროდი პრეზიდენტ რაჰმონს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე. წელს, ტაჯიკეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს. მინდა, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ტაჯიკ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და შემდგომი წარმატება.
აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ტაჯიკეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ დღეს განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის, განვიხილეთ საქართველო-ტაჯიკეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და გამოვთქვით მზადყოფნა, მომავალშიც გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით". - პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
ტაჯიკეთის პრეზიენტის განცხადებით, შეთანხმდნენ ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე.
"განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ჩვენი მეგობრობის გაძლიერებისთვის, ურთიერთგაგების ხელშესაწყობად ჩვენს ხალხებს შორის. მივესალმებით კავშირების გააქტიურებას ისეთ სექტორებში, როგორიც არის განათლება, მეცნიერება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეები და სპორტი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პოეტისა და მწერლის, ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნაში. დუშანბეში იქნება ახალი ქუჩა, რომელსაც ეწოდება რუსთაველის სახელი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრული კავშირები ორ ქვეყანას შორის. საუბრისას ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე განვიხილეთ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა". - განაცხადაემომალი რაჰმონმა.
მისივე თქმით, დაინტერესებულნი არიან, გააღრმავონ ეკონომიკური ურთიერთობა.
"განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია ამ მიმართულებით. ტაჯიკეთი ასევე დაინტერესებულია, რომ გააფართოოს თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მრეწველობის კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციების საკითხებით, ამაში შედის ხელოვნური ინტელექტიც. ამ მიმართებით, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამისათვის ჩვენ პრაქტიკულ ზომებს მივიღებთ. მსუბუქი მრეწველობა, სურსათი, სამთო მეურნეობა, ასევე ფარმაცევტული სფეროები, სოფლის მეურნეობა გამოვლინდა, როგორც ინტერესის სფეროები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებითაც" - განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.




