NATO-რუსეთი

შვედურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ Су-24-სა და Су-34-ს ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს

რუსული Су-24 ბალტიის ზღვის თავზე

13 ივნისს შვედურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ Су-24-ისა და Су-34-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცესთან ახლოს, ბალტიის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრეს. ინფორმაციას შვედეთის საჰაერო ძალები ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, ორმ ორი ცალკეული ინციდენტი ბალტიის ზღვის ჩრდილოეთსა და სამხრეთში მოხდა. ასევე, შვედეთის სამხედრო უწყება წერს, რომ შვედური JAS 39 Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებთან ერთად მისიებში მონაწილეობა მოკავშირეების ავიაციამაც მიიღო.

"რუსეთის ქმედებები სერიოზულია და წარმოადგენს განმეორებად ქცევას, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ისე უსაფრთხოებას. შვედურმა და მოკავშირეთა ავიაციამ სწრაფად, მტკიცედ და მკაფიოდ იმოქმედა, როდესაც რუსულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა და შვედეთისა და ალიანსის ტერიტორია დაიცვა" - განაცხადა ვიცეადმირალმა, ევა სკუგ ჰასლუმმა, შვედეთის თავდაცვის ძალების ოპერაციების ხელმძღვანელმა.

კომენტარები