დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: რუსეთის ახალ სამხედრო მოქმედებას მკაცრი შედეგები მოჰყვება

რობერტ ჰაბეკი
www.imago-images.de

გერმანიის ეკონომიკურ საქმეთა მინისტრის რობერტ ჰაბეკის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მკაცრი შედეგები მოჰყვება. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის მილსადენის ამუშავება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამის შესახებ მინისტრი გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ს ესაუბრა.

"ნებისმიერი ახალი სამხედრო მოქმედება არ დარჩება მკაცრი შედეგების გარეშე." – თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ "არაფერია გამორიცხული" თუ უკრაინის "ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ დაირღვევა".

ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური კუთხით, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენი შეცდომა იყო.

"გეოპოლიტიკური კუთხით, მილსადენი შეცდომა იყო. გერმანიის და ავსტრიის გარდა მას ყველა ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა. თუმცა მილსადენი აშენდა. გაეშვება თუ არა ის ეს საკითხი ჯერ ღიაა და ის ევროპული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით გადაწყდება." – თქვა ჰაბეკმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ჩრდილოეთ ნაკადი 2-ისთვის შეზღუდვების ამოქმედების შესახებ გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმაც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში, პროექტი ამოქმედებას ვერ შეძლებს.

"შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ეს გაზსადენი ვეღარ ამოქმედდება." – თქვა ბერბოკმა გამოცემა ZDF-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ დროებით შეაჩერა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირების პროცესი. პროცესის განახლებისთვის საჭიროა, გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად მილსადენის ოპერატორი კომპანიის შექმნა. გერმანიის მარეგულირების გარდა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის ამუშავებისთვის ევროკომისიის ნებართვაც საჭიროა.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა სექტემბერში დასრულდა. 8 ნოემბერს გაზპრომმა გამოაცხადა, რომ პროექტი გაშვებისთვის მზად არის. იმავე დღეს გერმანიაში მისი სერტიფიცირების პროცესის განხილვა დაიწყო. ექსპერტების შეფასებით პროცესი შეიძლება მაისამდე გაიწელოს, რადგან ის ევროკომისიამაც უნდა განიხილოს.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები