დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

SWIFT-იდან გარიცხვა, აქტივების გაყინვა – რა სანქციებით ემუქრება ევროპარლამენტი რუსეთს

ევროპარლამენტმა, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების ფონზე, მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს მოსკოვის ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ ზომების მიღებას, დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური საზღაურის დაწესებას. რეზოლუციაში საუბარი იყო შესაძლო სანქციებზე. 

რეზოლუცია ევროპარლამენტში 548 პარლამენტარის თანხმობით მიიღეს. რეზოლუციის წინააღმდეგი იყო 69 პარლამენტარი, თავი შეიკავა 54-მა. 

ევროპარლამენტარები რუსეთს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაიყვანონ ჯარები უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა "მეგობრულმა ქვეყნებმა" გაზარდონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. აღნიშნულია, რომ ქვეყნის მიერ ალიანსის არჩევა არ უნდა იყოს მესამე მხარის განხილვის საგანი და უარს ამბობენ რუსეთის "გავლენის სფეროში" ამა თუ იმ ქვეყნის ჩათვლაზე.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებისა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, რომ რუსეთის სამხედრო ქმედებებს ყურადღებით ადევნონ თვალი და საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვს დროულად დაუწესონ სანქციები, არ დაელოდონ რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

"[რეზოლუცია] მოუწოდებს კომისიის ვიცეპრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებისა და უშიშროების პოლიტიკაში უზრუნველყოს, რომ საბჭო იქნება ინფორმირებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებებზე და მზად იქნება მყისიერად შეთანხმდეს ერთობლივ ქმედებაზე, კერძოდ, აშშ-ს, NATO-სა და სხვა პარტნიორებთან ახლო კოორდინაციით, მძიმე ეკონომიკური და ფინანსური სანქციების დაწესებაზე, რათა პასუხი გაეცეს რუსეთის დაუყოვნებელ და დამაჯერებელ საფრთხეებს, და არ დაელოდონ ქმედებას მომდევნო თავდასხმამდე", – წერია რეზოლუციაში. 

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, სანქციების ახალი პაკეტი უნდა დაუწესდეთ რუსეთის ოფიცერთა კორპუსსა და ადმირალებს, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში შეჭრის გეგმების შედგენაში. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, სანქციები უნდა შეეხოთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წრეში მყოფ პირებსა და ოლიგარქებს, ასევე მათ ოჯახებს. 

სანქციები, რომლითაც ევროპარლამენტარები რუს ოფიცრებსა და ოლიგარქებს ემუქრება, მოიცავს ფინანსური და ფიზიკური აქტივების გაყინვას ევროკავშირის ქვეყნებში, მოგზაურობის შეზღუდვას და SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან რუსეთის გარიცხვას. თუ რუსეთს ამ სისტემიდან გარიცხავენ, რუსული კომპანიები საერთაშორისო ფინანსური ბაზრის მიღმა დარჩებიან, აიკრძალება რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვა პირველად და მეორეულ ბაზრებზე. მსგავსი სანქციები მიზანში იღებს რუსეთის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებს. ასევე, ხელი შეეშლება დაზვერვისა და სამხედრო სამსახურების დაფინანსებას. 

ამას გარდა, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, რეზოლუციის მიხედვით – "პირველი და დაუყოვნებელი პასუხი უნდა იყოს მოგზაურობის შესაძლებლობის აკრძალვა და ვიზის გაუქმება მათთვის, ვისაც რუსეთის დიპლომატიური პასპორტი გააჩნია, აკრედიტირებული დიპლომატების გარდა".

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციით ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ მიიღოს დაუყოვნებელი ქმედებები რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და გამოიხატოს ენერგეტიკული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. შესაბამისად, ევროპარლამენტარები რეზოლუციით ევროკავშირის ინსტიტუციებსა და წევრ ქვეყნებს სთხოვენ, არ დაუშვან ბალტიის ზღვაში გამავალი, რუსეთისა და გერმანიის მაკავშირებელი გაზსადენის, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამოქმედება. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ შესაჩერებელია რუსული ბირთვული ენერგოკომპანიის, როსატომის მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ატომური ელექტროსადგურების შენება. 

რეზოლუცია ხაზს უსვამს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ცხადი უნდა გახადონ, რომ გაურკვეველი წარმოშობის რუსული ქონებასა და ინვესტიციების მიმართ კეთილგანწყობა აღარ ექნებათ და აღნიშნავენ გლობალური ანტიკორუფციული მექანიზმის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გაძლიერების საჭიროებას. ევროპარლამენტარები ევროსაბჭოს მოუწოდებენ ევროკავშირში რუსული სტრატეგიული ინვესტიციების შეზღუდვას. მათი თქმით, მსგავსი ინვესტიციები ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუციებს, ავრცელებს კორუფციას და მიმართულია დივერსიული ქმედებებისკენ.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები