მოსამართლეთა დანიშვნა

აშშ-ს საელჩო: კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული ვართ უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესით

აშშ-ს საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი პროცესით კიდევ ერთხელ არიან იმედგაცრუებული. 

საელჩო  "მტკიცედ მოუწოდებს" პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ. ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია. ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე.

უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვათა დახმარებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა. საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას. 

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი 25 ნოემბერს დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს, მიმდინარე კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს მოუსმინოს, რის შემდეგაც კანდიდატებს ასარჩევად პლენარულ სხდომას წარუდგენენ. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ამ პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოწოდებების მიუხედავად, პირველ ჯერზე, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა. უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა,  სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

კომენტარები