უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა

დეგნანი: პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას გამოეხმაურა. უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პირობა, რომელიც პოლიტიკურმა ლიდერებმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით დადეს. დეგნანი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს რეფორმების გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას.

"შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, სანამ რეფორმები გატარდება. ლიდერები ასევე დათანხმდნენ, რომ რეფორმების გატარებამდე, იქნებოდა ჯანსაღი დებატები - რა სასამართლო რეფორმები იყო საჭირო. ეს მოლოდინი გვაქვს ჩვენც, შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ეს პროცესი შეჩერდებოდა სასამართლო რეფორმის სრულ განხილვამდე. საქართველოს კონსტიტუციაში ცხადად არის გაწერილი, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არის ქართველი ხალხისთვის მიცემული ძალიან სერიოზული პირობა. კონსტიტუცია გამოყოფს პროცედურებს და პროცესებს დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფისთვის, რომელიც მიღებული იქნება ზოგადი სამართლის, საერთო სასამართლოების კანონის და სხვა კანონების შესაბამისად, რომელთა გატარება და შეცვლა პარლამენტის კომპეტენციაშია". – ამბობს დეგნანი.

აშშ-ს ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და უზრუნველყოს რეფორმების განხილვა.

"კონსტიტუციის და 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, ახლა პარლამენტი ვალდებულია და პასუხისმგებელი, შეაჩეროს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესი და უზრუნველყოს დებატები, რათა გარანტირებული იყოს წინა რეფორმების შეფასება, ეს ასევე გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. ეს უნდა მოხდეს, რათა ქართველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი სასამართლო არის ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც ამას კონსტიტუცია ითხოვს". – თქვა დეგნანმა.

აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ დამოუკიდებელი შეფასების თანახმად, მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება არ დააზიანებს სასამართლო სისტემას, ვინაიდან პოსტებზე საკმარისი რაოდენობის მოსამართლეა, რათა შესაძლებელი იყოს რეფორმების განხილვა.

კელი დეგნანს იმედი აქვს, რომ პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან.


17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსაამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები