სასმართლო სისტემა

უზენაესის მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ნაკლოვანებებით ხასიათდება – ODHIR-ის ანგარიში

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში. 

"ყველა ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის ფუნდამენტურია მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა. მოსამართლეთა შერჩევის ამ პროცესში აღინიშნებოდა მკაფიო სტანდარტებისა და მითითებების ნაკლოვანება, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად". – აღნიშნა ODIHR-ის დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.

ამასთან ერთად (OSCE/ODIHR)-ის ანგარიშში წერია, რომ მოსამართლეების წარდგენა მიმდინარეობდა ისეთ გარემოში, სადაც საზოგადოებრივი სანდოობის უკმარისობაა დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართ. 

"უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა საზოგადოებრივი ნდობის გარეშე მიმდინარეობდა  სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო სექტორმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და სამართლიანობის შესახებ, მათ შორის სასამართლო ზედამხედველობითი ორგანოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომელიც უფლებამოსილია, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს კანდიდატები წარუდგინოს. 2019 წელს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნა, რომელსაც ეუთო/ოდირ-ი მეთვალყურეობდა, სამოქალაქო საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა გააკრიტიკეს.

2019 წლის დანიშვნების შემდეგ, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში დარჩენილი და ახალი ვაკანსიების შევსება დაიწყო სამი დისკრეტული, თუმცა ამავე დროს თანადროული პროცესის გზით, რომელიც, 2020 წელს 11 ადგილისთვის დაინიცირდა. ამის მიუხედავად, ამ პროცესის განმავლობაში, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების სამართლებრივმა ჩარჩომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა პროცესის სამართლიანობასა და თანასწორუფლებიანობას". - წერია ანგარიშში.

შუალედურ ანგარიშში ასახულია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული მთელი რიგი ნაკლოვანებები და წარმოაჩენს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს. 

"მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე, იმ პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, რომელიც იქნა მიღწეულ ამ წლის დასაწყისში". – ნათქვამია ანგარიშში. 

შეფასებაში ასევე ხაზგასმულია არსებული შეშფოთება, პროცედურის ეფექტიანობასა და კანდიდატების მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა მოსამართლეთა წარდგენის პროცესში. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მკაფიო მექანიზმს, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების მნიშვნელოვანი გადაცდომა, რამაც შეიძლება დააზიანოს როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, აგრეთვე საზოგადოების ნდობა.

ODIHR-ის მიერ მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე. მოსამართლეთა წარდგენის პროცესის მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის დეკემბერში, და მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ყველა კანდიდატის გასაუბრების პროცესსა, ასევე, მასთან დაკავშირებული საბჭოს სესიების მონიტორინგს.


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები