მოსამართლეთა დანიშვნა

სახდეპი: უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნა დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს შეუქმნის

ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გამო და ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დადებულ 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ხელმომწერ მხარეებს ავალდებულებს უზენაეს სასამართლოში ახალი კანდიდატების "დანიშვნის პროცესის" შეჩერებას იქამდე, ვიდრე არ გაატარებენ "ამბიციურ სასამართლო რეფორმებს", ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის მისაღებად.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაესი სასამართლოს დანიშვნების შეჩერებით და გამჭვირვალე ინკლუზიური სასამართლო რეფორმების გატარებით. ამაზე შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით. ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობამ შეიძლება, ინვესტორთა ნდობა შეასუსტოს და საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა შეამციროს.

შესაბამისად, აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის  ერთგულებისკენ, ამავდროულად, აშშ-სთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ." - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი 
  • გიორგი გოგიაშვილი – 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი
  • ლევან თევზაძე – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • რევაზ ნადარაია  – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • ბიძინა სტურუა – 78 მომხრე, 6 წინააღმდეგი 
  • ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, გიორგი შავლიაშვილს, ქეთევან მესხიშვილს.

განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტეს ნაწილს. 

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები