მოსამართლეთა დანიშვნა

მიშელი: კმაყოფილი ვარ, რომ შეთანხმების ხელმომწერები თავს ვალდებულად გრძნობენ, შეასრულონ ის

"კმაყოფილი ვარ, რომ შეთანხმების ხელმომწერები თავს ვალდებულად გრძნობენ, შეასრულონ შეთანხმების ყველა საკითხი". – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ ფონზე, როდესაც 14 ივლისის განცხადებაში ევროკომისია აღნიშნავდა, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება და ეს პროცესი საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებაზე ცუდად იმოქმედებს.

"დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში". – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისია აღნიშნავდა, რომ საქართველოს პარლამენტში უზენაესის მოსამართლეთა დასანიშნად ჩატარებული კენჭისყრა ხელისუფლებისთვის დაკარგული შესაძლებლობაა, რათა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ მისი ერთგულები დაემტკიცებინა. ევროკომისია თვლის, რომ ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.

​საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებებისა და 19 აპრილის შეთანხმების პუნქტების მიუხედავად, პარლამენტმა 12 ივლისს უზენაესი  სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე
  • გიორგი გოგიაშვილი
  • ლევან თევზაძე
  • რევაზ ნადარია
  • ბიძინა სტურუა
  • ლაშა ქოჩიაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნებისგან თავი უნდა შეეკავებინა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები