"ძალიან იმედგაცრუებული ვართ უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებით." - თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. ელჩმა აღნიშნა, რომ დამაბნეველია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, როცა ქართველი ლიდერები სასამართლო რეფორმაზე შეთანხმდნენ.
"ქართველი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა სასამართლო რეფორმის გაგრძელება, რასაც საქართველო ბოლო 15 წელია აკეთებს. მათ მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ სასამართლო რეფორმის გეგმაზე 19 აპრილის შეთანხმებაში - ეს რჩება ძალიან საჭირო გეგმად - ამ შეთანხმების ყველა ნაწილი დაფუძნებულია საერთაშორისო და ადგილობრივი სასამართლო ექსპერტების რეკომენდაციებზე, მათგან ბევრი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მოითხოვა პარლამენტმა. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს და რომელიც თავად პარლამენტმა მოითხოვა. ასე რომ დამაბნეველია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, როცა ქართველმა ლიდერებმა აღიარეს, რომ საჭიროა უფრო მეტის გაკეთება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისთვის." - თქვა დეგნანმა.
უზენაესი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი პროცესით კიდევ ერთხელ არიან იმედგაცრუებული. საელჩო "მტკიცედ მოუწოდებს" პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება.
საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი 25 ნოემბერს დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს, მიმდინარე კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს მოუსმინოს, რის შემდეგაც კანდიდატებს ასარჩევად პლენარულ სხდომას წარუდგენენ. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ამ პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოწოდებების მიუხედავად, პირველ ჯერზე, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა. უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.
9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.