მიხეილ სააკაშვილი

ექიმი სააკაშვილზე: პაციენტის თავისუფლად მკურნალობის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს

ექიმის და ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრის გიორგი პაპიაშვილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლად, ბადრაგის გარეშე მკურნალობის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს.

"მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში.

ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის" – წერს პაპიაშვილი Facebook-ზე.

სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის აზრით, სააკაშვილს ციხის გარეთ, ბადრაგის თანხლების გარეშე, თავისუფლად მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება.

"...ახლა ვუმკურნალებთ, გახდება კარგად ერთი კვირის მერე, მერე დავაბრუნებთ ციხეში, მერე ციხეში ისევ ავად გახდება, ისევ უნდა დავაბრუნოთ და მთელი ქვეყანა უნდა იყოს სტრესის ქვეშ. მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს, რომ ავადმყოფს უმკურნალე, აქ არის სტრესი, აქ არის ნერვიული მდგომარეობა, ბევრი პრობლემაა, ჩემი აზრი ასეთია. ეს განცხადება, რასაც ახლა ვაკეთებ, პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება, გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, რომ შეუძლებელია ასე გაგრძელება". – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა და სხვა მოშიმშილეებმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები