მიხეილ სააკაშვილი

ყიფშიძე: სააკაშვილს თავის ტვინის დიაგნოსტიკას ვერ ვუკეთებთ – აპარატი არ აქვთ

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის ციხის კლინიკის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. ყიფშიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს თავის ტვინის დიაგნოსტიკას ვერ უტარებენ, რადგან კლინიკაში ამ გამოკვლევისთვის საჭირო ტექნიკა არ აქვთ.  

"დღეს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს, დაეცა, აიყვანეს რეანიმაციაში და შემდეგ გატარებული იყო მთელი რიგი ღონისძიებები. დიდი მადლობა ქალბატონს გიული ქილიფთარს, შემთხვევით იყო იქ და ჩაატარა ყველა რეანიმაციული ღონისძიება, პრეზიდენტი უკეთესად გახდა. ახლა თუ სახლში მივდივარ, არ ვიცი რა მოხდება 10 წუთში, 1 საათში. [...] გონების დაკარგვა მოხდა, ეს სინკოპია, ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, მოასწავებს, რომ ყოველ წუთში ხდება ძალიან ცუდი რაღაცები მის ორგანიზმში. მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან რთული, მაგალითად, ახლა ჩვენ აქ გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა ძალიან არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღება - მიშა სააკაშვილი გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მაღალი დონის აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ მისი ტვინის მდგომარეობა. 

ჩვენ ველოდებოდით გასტროენტერლოგს, ჯერ არ მოსულა. ის გვჭირდებოდა, რომ გვეფიქრა, რა ხდება მის კუჭში, არის თუ არ არის სისხლდენა. მაგრამ, ამ წუთში ყველაზე საყურადღებოა MRT-ს გაკეთება. MRT-ს აპარატი აქ არ დგას, არის სულ რამდენიმე კლინიკაში. ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რაზეც მე უარი ვუთხარი, რა საკვირელია, ავადმყოფს ველაპარაკე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ზედმეტი დასხივებაა. სჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აქ არ არსებობს, ასე რომ, ჩვენ დიაგნოსტიკას თავის ტვინის შესახებ ვერ ვაკეთებთ". - ამბობს ყიფშიძე.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ის შეხვდა ქართული ოცნების დეპუტატებს, დიმიტრი ხუნდაძეს, დავით სერგეენკოსა და მიხეილ სარჯველაძეს და მათთან მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე ისაუბრა. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ქართული ოცნების დეპუტატები - დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე იყვნენ. სერგეენკომ ციხის კლინიკის დატოვების შემდეგ თქვა, რომ "კონსულტაციებით გადაწყდება, სერვისებისთვის საჭიროა გადაყვანა თუ არა". ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრის, თენგიზ წულაძის თქმით კი "სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ, თერაპია დაეწყოთ, შეიძლება, გართულება არ გვქონოდა".

18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ  ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და "მოსხლეტით წაიქცა". 

"მიშა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ასულიყო ზემოთ და ოთახში რომ გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში საკაცე ჩამოიტანეს. თვალებს ვუხსნიდი. გადააწვინეს საკაცეზე, ამ წუთას არ ვიცი რა ხდება. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო მიშა როცა ვხვდებოდით. 10 წუთია რაც აიყვანეს დაახლოებით. როცა წაიქცა, იქ წაქცეულზე, ხელით ვუხსნიდი თვალებს. არ ვიცი სად აიყვანეს. არ ვიცი". - თქვა ბექა ბასილაიამ. 

პენიტენციური დაწესებულების რეანიმატოლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, თუმცა ტოვებენ რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას მონიტორინგი სჭირდება.


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 49-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები