მიხეილ სააკაშვილი

ექიმი: სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ, თერაპია დაეწყოთ, შეიძლება, გართულება არ გვქონოდა

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრებმა ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლადნის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში მოინახულეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. ექიმი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ სააკაშვილი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა, მისივე სიტყვებით, შესაძლოა, ისეთი გართულებები იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ციხის კლინიკაში მეთვალყურეობა არ ეყოფა.  

"არ აქვთ რესურსი, რომ მართონ ისეთი გართულებები, რომელიც, მოსალოდნელია, იყოს. ეს მათაც იციან და ამ გართულებებზე აქვთ ნათქვამი, რომ ისედაც უნდა გადაიყვანონ, თუ ეს გართულებები მოხდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ. ვთქვათ, გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლება, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა.  

სიტუაცია სტაბილურია, მონიტორინგიც მიდის, ამ წუთში, ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ ისეთი გართულებებიც შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ის ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა. გავესაუბრე, გავსინჯე, მაგრამ გავესაუბრე მხოლოდ სამედიცინო საკითხებზე". - ამბობს თენგიზ წულაძე. 

18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ  ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და "მოსხლეტით წაიქცა". 

"მიშა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ასულიყო ზემოთ და ოთახში რომ გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში საკაცე ჩამოიტანეს. თვალებს ვუხსნიდი. გადააწვინეს საკაცეზე, ამ წუთას არ ვიცი რა ხდება. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო მიშა როცა ვხვდებოდით. 10 წუთია რაც აიყვანეს დაახლოებით. როცა წაიქცა, იქ წაქცეულზე, ხელით ვუხსნიდი თვალებს. არ ვიცი სად აიყვანეს. არ ვიცი". - თქვა ბექა ბასილაიამ. 

პენიტენციური დაწესებულების რეანიმატოლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, თუმცა ტოვებენ რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას მონიტორინგი სჭირდება.


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 49-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები