დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან შეტაკების დროს პოლონეთმა წყლის ჭავლი გამოიყენა [VIDEO]

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, კუზნიცის გამშვებ პუნქტთან, მას შემდეგ, რაც მიგრანტების ჯგუფმა ბელარუსის მხრიდან საზღვრის გარღვევა სცადა და პოლონელი მესაზღვრეებისა და პოლიციელების მიმართულებით ქვებისა და ჯოხების სროლა დაიწყეს, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

საზღვართან შეკრებილი ახლოაღმოსავლელი მიგრანტები ცდილობდნენ გამყოფ ხაზზე არსებული მავთულხლართები გაერღვიათ.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსისთვის დასაწესებელ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ.

პოლონური მედიისა და პოლიციის ცნობით, შეტაკებების დროს მძიმედ დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც დაზიანება, სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მიღებული.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები იყენებდნენ ხმოვან ხელყუმბარებსაც, რომლებიც მათ ბელარუსის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. 

"მიგრანტები შეიარაღებული იყვნენ ბელარუსის სამსახურების მიერ მიწოდებული ხმოვანი ხელყუმბარებით, რომლებსაც პოლონელი ჯარისკაცებისა და პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ", – წერს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის ოფიციალური გვერდი.


ბოლო თვეში, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალი მიგრანტების ჯგუფების გამო, სიტუაცია დაიძაბა ბელარუსსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებით პოლონეთს შორის. ბელარუსიდან მომავალი მიგრანტების ჯგუფები პოლონეთის საზღვრის გარღვევას ცდილობენ. ვარშავამ საზღვრებზე ჯარისკაცთა რაოდენობა გაზარდა. 

ევროკავშირი მიგრანტების კრიზისს ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავს. 

ევროკავშირის მიერ, ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების განხილვას, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მუქარა მოჰყვა, რომ საპასუხოდ ის ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. 

ბელარუსის ცაში გამოჩნდნენ ბირთვული შესაძლებლობის რუსული ბომბდამშენებიც, რომლებიც, ლუკაშენკოს განმარტებით, მინსკს საზღვრის მეორე მხარის გასაკონტროლებლად სჭირდება. 

ბალტიის ქვეყნებმა გამოაქვეყნეს გაფრთხილება, რომ სასაზღვრო დაძაბულობა, შესაძლოა, ომში გადაიზარდოს.

პარალელურად რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედროების რაოდენობას კვლავ ზრდის. არსებული ცნობებით, აშშ-მ ევროკავშირი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს.

 

კომენტარები