გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ ევროკავშირის მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის გეგმას განიხილავდეს, მაშინ, როცა მოსკოვსა და ევროპულ ბლოკს შორის დაძაბულობა მიგრანტების კრიზისა და ენერგო-რესურსების გარშემო იზრდება. პარალელურად, ცნობების მიხედვით, რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან ჯარების რაოდენობას ზრდის.
საკითხში გარკვეული ანონიმური წყაროების ცნობით, გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შესაძლო სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზები ევროპელ კოლეგებს გააცნეს. მათი შეფასება ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ამერიკელებს ევროპელებისთვის ჯერ არ გაუზიარებიათ, მაგრამ ეს მოუწევთ, იქამდე, სანამ რუსეთის საპირისპიროდ ერთობლივი მოქმედების გეგმას გადაწყვეტენ. მათ ვარაუდებს ზურგს უმაგრებს საჯაროდ არსებული ინფორმაციაც - ამბობენ ანონიმური წყაროები ამერიკიდან.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა 11 ნოემბერს თქვა, რომ აშშ-ს მოკავშირეებთან აქვს კონსულტაციები, რუსული ჯარების უკრაინის საზღვართან თავმოყრასთან დაკავშირებით. ასევე, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კიევი აშშ-ს პარტნიორია და დაგმო რუსული აგრესია.
რუსული მხარის პოზიციით, საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო აქტიურობა საშინაო საქმეა, უარყოფენ აგრესიული გეგმების არსებობას და აშშ-ს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ, ამ კვირაში შავ ზღვაში ამერიკული გემების შეყვანის გამო.
სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობის სიახლის გავრცელების შემდეგ, რუსული რუბლი აშშ-ს დოლართან მიმართებით 0.5%-ით გაუფასურდა.
ასეთივე კრიზისი იყო ამ წლის გაზაფხულზეც, როდესაც NATO და აშშ შეშფოთებული იყვნენ უკრაინის საზღვრებთან ასიათასობით რუსი სამხედროს, მათი მძიმე ტექნიკისა და ავიაგამანადგურებლების თავმოყრით. კრიზისი მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სამიტის გამართვა შესთავაზა. სამიტი ივნისში ჩატარდა.
უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების თავმოყრის გამო, ნოემბრის დასაწყისში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.
ასევე, 9 ნოემბერს პუტინს ესაუბრა გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ანგელა მერკელი. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, მოკავშირე ბელარუსზე გავლენა გამოეყენებინა და ევროკავშირის საზღვრებთან შექმნილი კრიზისი განემუხტა, რაზეც უარი მიიღო. მათ შორის საუბარი შედგა 10 ნოემბერსაც. ამჯერად პუტინმა დაგმო უკრაინის მიერ საბრძოლო დრონების გამოყენება, რასაც ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად თვლის. მან ასევე დაგმო აშშ-ს გემების აქტიურობა შავ ზღვაში.
კრემლთან კავშირში მყოფმა ანონიმურმა წყარომ Bloomberg-თან თქვა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა არ აქვს განზრახული, თუმცა მოსკოვმა უნდა აჩვენოს, რომ ის მზადაა ძალის გამოყენებისთვის. კიდევ ერთი ანონიმური რუსი ოფიციალური პირის თქმით კი, უკრაინაში სამხედრო მოქმედების ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუს სამხედროებს სამოქალაქო პირებიც წინააღმდეგობას გაუწევენ, განსაკუთრებით კიევსა და სხვა ქალაქებში, მაგრამ არის გეგმები, თუ როგორ უპასუხებენ კიევის პროვოკაციებს.
ერთ-ერთი ამერიკელი ანონიმური პირის თქმით, აშშ-ს შიში რუსეთის გეგმების შესახებ, განპირობებულია იმ სამხილებითა და ტენდენციებით, რომლებიც 2014 წლის ყირიმის ანექსიის წინა მოვლენებს წააგავს.
პარალელურად შიშებს ზრდის პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრანტების კრიზისი, რაშიც დასავლეთში პუტინის ხელს ხედავენ. ასევე, ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები რუსულ ბუნებრივ აირზე მეტად დამოკიდებულები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. აშშ-ს ოფიციალური პირების აზრით, რუსეთი რეგიონის დესტაბილიზაციას ცდილობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ის უკეთ გაეცნო ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებას, აქამდე არსებული ინფორმაციისა და ახალ ფაქტებზე დაყრდნობით ბელარუსს "პოტენციური ფრონტის ხაზი" უწოდა.
ამავე შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ენტონი ბლინკენმაც: "ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დაუშვას სერიოზული შეცდომა 2014 წლის მოვლენების განმეორების მცდელობით".
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრა განაახლა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, მათი ნაწილი ჩვეული დისლოკაციის ადგილს არ დაბრუნებია.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია.
პარალელურად, დონბასში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც უკვე შვიდნახევარი წელი გრძელდება, ბოლო პერიოდში ახალ ეტაპზე გადავიდა. 26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცა, რომ მათ სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს თურქული საბრძოლო დრონი – Bayraktar TB2.
შემთხვევას რუსეთის კრიტიკა მოჰყვა. კრემლის სპიკერმა, ვლადიმირ პესკოვმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში თურქული დრონების განთავსებამ შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
ასევე, ურთიერთობა რუსეთსა და NATO-ს შორის განსაკუთრებით დაძაბულია. 18 ოქტომბერს მოსკოვმა საკუთარი დიპლომატიური მისია ბრიუსელში შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რვა რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, რომ ზაპად 2021-ის ვარჯიშების დასრულების შემდეგ რუსულმა მხარემ უკრაინის საზღვართან ახლოს მყოფ საწვრთნელ პოლიგონებზე დატოვა სამხედრო აღჭურვილობა, ასევე კონტროლისა და კომუნიკაციის ცენტრები.
დანილოვის გამოთვლებით, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსი სამხედროების რიცხვი 80 000-90 000-მდე იქნება. ამ რაოდენობაში არ ითვლება ყირიმში განლაგებული ათიათასობით რუსი სამხედრო.