დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

სანქციების დაწესების შემთხვევაში ბელარუსმა, შესაძლოა, EU-ს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

ალექსანდრ ლუკაშენკო
president.gov.by

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების დაწესებას უპასუხებს და შესაძლოა, გაერთიანებას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს. ბელარუსი სატრანზიტო ქვეყანაა. რუსეთის და ევროპის დამაკავშირებელი მილსადენი იამალ-ევროპა ბელარუსის გავლით შედის პოლონეთში.

ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას ევროკავშირი პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის გამო განიხილავს.

"თუ სანქციებს დაგვიწესებენ, უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ ვაფრთხილებთ ევროპას, ისინი კი გვემუქრებიან. რა მოხდება, თუ ბუნებრივი აირის მიწოდებას შევაჩერებთ?" – თქვა ლუკაშენკომ.

როგორც რამდენიმე დიპლომატმა ანონიმურად უთხრა Reuters-ს, მომავალ კვირაში ბელარუსს, შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესდეს. მათი თქმით, შესაძლოა, სანქციები შეეხოს მინსკის აეროპორტსაც, რათა საერთაშორისო ავიახაზებმა შეწყვიტონ ბელარუსში მიგრანტების გადაყვანა.

ევროკავშირი ბელარუსს "ჰიბრიდულ შეტევაში" ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბელარუსის მთავრობა ათასობით ადამიანს ევროკავშირში მოხვედრის ფუჭი დაპირებებით აქეზებს, უკანონოდ გადაკვეთონ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარი. გაერთიანება ასევე 20 სხვადასხვა ქვეყანას ასახელებს, საიდანაც მიგრანტები ტურისტული ვიზებით ჩავიდნენ ბელარუსში.

პოლონეთის პრემიერმინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყანა "ახალი სახის ომის" წინაშეა, რომლის იარაღიც ადამიანები არიან. პოლონეთის თანახმად, ბელარუსი მიგრანტებს აიძულებს, საზღვარი გადაკვეთონ და სასაზღვრო ზონის დატოვების საშუალებას არ აძლევს.

პოლონეთმა სასაზღვრო ზონაში 15 000 სამხედრო მიავლინა და მავთულხლართებიანი ჯებირი გამართა. უკვე თვეებია, მიგრანტები ბელარუსიდან ევროკავშირში მოხვედრას ცდილობენ. პოლონეთის საზღვარზე მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაიძაბა, როდესაც ბელარუსთან საზღვარს მიგრანტების რამდენიმე ათასიანი კოლონა მიუახლოვდა და მათმა ნაწილმა საზღვრის გარღვევა და პოლონეთში შეღწევა სცადა. დაპირისპირება მოხდა პოლონელ მესაზღვრეებსა და მიგრანტებს შორის. მიგრანტებმა საზღვართან ბანაკი მოაწყვეს და ადგილზე რჩებიან. ბელარუსის თანახმად, ბანაკში 2 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნების საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისი 2021 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ ბელარუსი შეწყვეტს მიგრანტების ნაკადის შეჩერებას, რომლებსაც ევროკავშირში მოხვედრა უნდათ. მას შემდეგ მიგრანტების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავება მოუწია ჯერ ლიტვას, შემდეგ ლატვიასა და პოლონეთს. ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, რომ ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და მესაზღვრეები ეხმარებიან მიგრანტებს საზღვრამდე მიღწევასა და მის გადაკვეთაში. ლიტვამ, ლატვიამ და პოლონეთმა საიმიგრაციო კრიზისის გამო სხვადასხვა დროს სასაზღვრო ზონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და საზღვრებზე დამატებითი ჯებირებს მშენებლობა დაიწყეს.

კომენტარები