დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ბალტიის ქვეყნები: ბელარუსის მიგრანტების კრიზისი შესაძლოა სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს

სიტუაცია პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა: ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთობლივ განცხადებაში გააკეთეს გაფრთხილება, რომ ბელარუსი-ევროკავშირის საზღვრებზე შექმნილი მიგრანტების კრიზისი, შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. პარალელურად, უკრაინა ბელარუსთან არსებულ საზღვარზე დამატებითი ჯარების გაგზავნას აპირებს. 

"ეს ზრდის პროვოკაციისა და სერიოზული ინციდენტების შესაძლებლობებს, რაც შეიძლება სამხედრო სფეროში გადავიდეს", – წერია ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი არაა და მიგრანტები ამ მიმართულებით არ მოდიან, კიევი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ეს კრიზის მათ საზღვრებსაც შეეხოს და ლტოლვილთა ნაკადები მათი მიმართულებითაც დაიძრან. უკრაინამ ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაგეგმა და აქ დამატებითი 8 500 სამხედროსა და პოლიციელის გადაყვანასაც აპირებენ. 

პარალელურად, გრძელდება დაძაბული სიტუაცია პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე. მიგრანტები პოლონელი მესაზღვრეების მიმართულებით ქვებსა და ჯოხებს ისროდნენ, ცდილობდნენ მავთულხლართის მოშლას და გამყოფი ხაზის გადაკვეთას. 

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ მიგრანტების კრიზისი ბელარუსის ჰიბრიდული ომის ნაწილია. თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ მინსკის მოკავშირე მოსკოვსაც. 

ევროკავშირში განიხილავენ ბელარუსისთვის და მიგრანტების გადამყვანი ავიახაზებისთვის ახალი სანქციების დაწესებას. საპასუხოდ, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს ჰპირდება, რომ ახალი სანქციების შემთხვევაში ის გაერთიანებას ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუჩერებს. ბელარუსი სატრანზიტო ქვეყანაა.

ამას გარდა, ბოლო ორი დღეა ბელარუსის ცაში რუსული ბირთვული შესაძლებლობის ბომბდამშენები დაფრინავენ. ლუკაშენკოს განმარტებით, მათ რუსული თვითმფრინავები საზღვარზე არსებული სიტუაციის გასაკონტროლებლად სჭირდებათ. 

"საზღვარზე არსებულ სიტუაციას ჩვენ მუდამ უნდა ვაკონტროლებდეთ. დაე იწივლონ, დაე იყვირონ. დიახ, ამ ბომბდამშენებს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. უნდა ვხედავდეთ თუ რას აკეთებენ საზღვრის მეორე მხარეს", – თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

კომენტარები