მიხეილ სააკაშვილი

რუსთავის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის 6 დეპუტატი შიმშილობას იწყებს

რუსთავის საკრებულო
REGINFO

რუსთავის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის 6 დეპუტატი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. 

ისინი აცხადებენ, რომ საკუთარი პარტიის წევრებს სოლიდარობას უცხადებენ და შიმშილობას საკრებულოს დეპუტატების ფრაქციის ოთახში დაიწყებენ. 

"უკვე 46-ე დღეა შიმშილობს ჩვენი პრეზიდენტი. მას არ ეძლევა საშუალება, მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, აქედან გამომდინარე, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება და ვუერთდებით პროტესტის უკიდურეს ფორმას, რასაც ჰქვია შიმშილობა". - აცხადებს ნანა შატბერაშვილი და აღნიშნავს, რომ შიმშილობას მანამდე გააგრძელებენ, სანამ სააკაშვილს მრავალფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხრა დეპუტატი უკვე მეორე დღეა შიმშილობს. ისინი მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყეს აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ. შიმშილობა დაიწყო ენმ-ის ერთერთმა ლიდერმაც, გია ბარამიძემ. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 46-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

კომენტარები