ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
საქართველომ და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმებს.
ბერდიმუჰამედოვმა ბრიფინგზე კობახიძესთან შეხვედრისა და მისი ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა.
"საქართველოს პრემიერმინისტრთან მეგობრული და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. დავადასტურეთ, რომ თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ამაზე ვალდებულება ავიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოვოთ პოლიტიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა და დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია.
თურქმენეთი აფასებს საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე კონსტრუქციულ პოზიციას და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით [...] შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩვენი ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქმენეთს შორის ბიზნეს-ფორუმის დროს სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ - მაგალითად, წარმოებული პროდუქციის მიმოცვლა და აღვნიშნეთ, ჩვენს ქვეყნებს იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს [...]
გვინდა, შეიქმნას პირობები კრეატიული თანამშრომლობისთვის; სახელოვნებო სფეროში თანამშრომლობისთვის. ასევე გვსურს კონტაქტების გაფართოება სამეცნიერო და საგანმანათლებო სფეროებში და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კუთხით. ესეც ის მნიშვნელოვანი საკითხებია მოლაპარაკების პაკეტში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ". - თქვა თურქმენეთის პრეზიდენტმა [კობახიძის ადმინისტრაციის სინქრონული თარგმანი].
თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 16 ივლისს ეწვია.




