მიხეილ სააკაშვილი

ექიმი: სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა მზად არის, 15 ნოემბერს წარდგეს სასამართლოს წინაშე

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის სუსტადაა, თუმცა მზად არის, ხვალ, 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს დაესწროს.

"დღეს იყო სუსტად, მაგრამ მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაელაპარაკოს ქართველ ხალხს. სუსტად არის, მაგრამ მზად არის მაგისთვის. 

მითხრეს, რომ არავითარი კოვიდი იქ არ ყოფილა, ვიმეორებ იმას, რაც მითხრეს. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს შეძლო ჩამოსვლა ქვემოთ და შემხვდა პაემნების ოთახში. გუშინ ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა. რამდენადაც ვიცი, ხვალ იგეგმება კონსილიუმის ჩამოყალიბება უფრო ფართო ბაზაზე. ალბათ, ეს იქნება ორი კონსილიუმის შერწყმა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი ეს როგორ მოხერხდება და მოხდება". – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.

ხვალ, 15 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. 10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. სააკაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 45-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

კომენტარები