მიხეილ სააკაშვილი

ანა ფოტიგა: სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრეს

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა წერს, რომ ციხეში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს. 

"სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრეს. სამწუხაროა კეთილი ნებისა და გამჭვირვალეობის ნაკლებობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ სიტუაციის მოგვარების შანსი კიდევ არის. საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე". - წერს ფოტიგა. 

ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა. როგორც მან თქვა, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სააკაშვილის მონახულებაა. 

"ნებართვის მისაღებად განცხადება დავწერე. ვიმედოვნებ მის ნახვას, რადგან წარსულში მომინახულებია სხვა პატიმრები. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება ამჯერადაც დადებითი იქნება. ზოგადად რომ ვისაუბრო, მივყვები გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის შეხედულებებსა და ქმედებებს. მე აქ ვარ, რომ ვიყო ქართველ ხალხთან ერთად, რომ ვიდგე საქართველოს გვერდით". - თქვა მან გუშინ, 12 ნოემბერს. 

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ფოტიგას არშეშვებაზე საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ "ევროპარლამენტარი არაფრის ინდულგენცია არ არის ქვეყანაში" და, მისივე სიტყვებით, ანა ფოტიგამ "კეთილინებოს, შეისწავლოს [საქმე] და მერე ილაპარაკოს".  

სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 44 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები