მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი: არ ვიცი, ხელისუფლება როგორ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის  ჯონ სენდვიჯის თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა. 

“არ ვარ საქართველოს სამართლის სპეციალისტი და არ შემიძლია, ამაზე ვისაუბრო. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დაწესებულებაში არ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მის პერსონალურ უსაფრთხოებაზე. ითქვა, რომ აქ ადამიანის უსაფრთხოდ ყოფნა შეუძლებელია, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც იმყოფება იმ პირებთან ერთად, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში გასამართლდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, ხელისუფლება როგორ შეძლებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მსგავს დაწესებულებაში.

ვნახე კადრები და საკმაოდ შემაშფოთებელია, თუ როგორ მოექცნენ მას. ისევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მსგავსი მოპყრობა არ არის მართებული, განსაკუთრებით წინანდელი პოზიციიდან გამომდინარე”. – ამბობს სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

მიხეილ სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. ასევე, ექსპრეზიდენტი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. მისივე თქმით, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის  გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 

 

კომენტარები