მიხეილ სააკაშვილი

წმინდა საყდრის დესპანი სააკაშვილზე: არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით

Apostolic Nunciature in Georgia

11 ნოემბერს საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი, არქიეპისკოპოსი ჟოზე ა. ბეტანკური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდა. სადესპანოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ წმინდა საყდრის დესპანმა გამოთქვა ინტერესი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რომლის ირგვლივაც არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დადებითად გადაწყდეს.

"შეხვედრის დროს წმიდა საყდრის დესპანმა საქართველოში, პაპი ფრანცისკეს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, მოისმინა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. ქ-მა ალასანიამ ითხოვა ხელშეწყობა საკითხის ჰუმანიტარული ასპექტის მოგვარების საქმეში. წმიდა საყდრის დესპანმა კვლავაც დაადასტურა ქრისტიანული ტრადიციის, პაპი ფრანცისკესა და წმიდა საყდრის სწავლების ქვაკუთხედის – ადამიანური ღირსების ქრისტიანული პრინციპი, რომლის შესახებაც საუბარი იყო საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ა. წ. 4 ნოემბრის ღია წერილში.

წმიდა საყდრის დესპანმა გამოთქვა გულისწუხილი შექმნილი ვითარების გამო და გამოხატა თავისი ლოცვისმიერი თანადგომა და ქრისტიანული სიახლოვე. ამავე დროს, დესპანმა გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნული საკითხი, რომლის ირგვლივაც არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დადებითად გადაწყდეს. წმიდა საყდრის სადესპანო და კათოლიკური ეკლესია გულწრფელად უსურვებს ძვირფას ქართველ ერს მშვიდობასა და კეთილდღეობას". – ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები ორჯერ გაავრცელა. პირველად გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევს რამდენიმე ადამიანი მიხეილ სააკაშვილს პალატაში, შემდეგ კი იატაკზე ტოვებს. ამის შესახებ სააკაშვილმა სახალხო დამცველს იმავე დღეს აცნობა. კადრების გავრცელების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მეორე ვიდეოში კი მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ზის და ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს ამბობს

"წამიყვანეთ უკან, რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ, თქვენ ხართ პუტინის ჯალათი, ივანიშვილის ლეკვო". – მიმართავს ის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 43 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები