დროა

სააკაშვილის მოწოდების მიუხედავად, ელენე ხოშტარია შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდების მიუხედავად, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. ოპოზიციონერი ლიდერის მოთხოვნა უცვლელია – პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანოს.

"მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს ჩემ მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მე მესმის და, ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი, რომ ნებისმიერი ადამიანის შიმშილი, ეს არის მძიმე სანახავი, საყურებელი, არასასიამოვნო პროცესი. ამას მე ვგრძნობ, ამას მე ვუფრთხილდები, ეს მე ნამდვილად ძალიან მაღელვებს. ამასთანავე, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, მე გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ.

დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან კონკრეტული გარემოებებით – სტრასბურგის გადაწყვეტილებით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით – ქართული ოცნების ხელშია უკვე საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის და დღესვე შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგის პოზიციის შესაბამისად. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში, მე, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ". – თქვა ელენე ხოშტარიამ. 

დროას ლიდერი ასევე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის განცხადების სხვა ნაწილებსაც და თქვა, რომ ყველა გაბრაზებულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას არ აყვეს პროვოკაციებში. 

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გონივრული განცხადება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა და რაც ყველას უნდა გვესმოდეს, ყველა გაბრაზებულ ადამიანს, რომელიც იბრძვის ქუჩაში, დღეს ქართული ოცნება ცდილობს, რომ ქართული საზოგადოება გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, აწყობს პირდაპირ, ღია პროვოკაციებს და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ არ წამოვეგოთ ამას, იმიტომ, რომ ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვებრძვით. არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში ჩვენ არ უნდა გავყვეთ ქართულ ოცნებას". – ამბობს ელენე ხოშტარია. 

დროებითი ზომის გამოყენებაზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ერთი დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და შიმშილობას შეწყვეტს, როდესაც მას სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. სწორედ ამ მოთხოვნით შიმშილობს ელენე ხოშტარიაც. 


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები