არჩევნები 2021

"უფრო დიდი, ვიდრე 14 ოქტომბერს" – 6 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია აქციას გამართავს

ნიკა მელია
ტაბულა

"მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე იყო 14 ოქტომბერს, მაგრამ შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, როგორიც ემსახურება ამ სახელმწიფოს ინტერესებს" – 6 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია აქციას მართავს.

განახლება: თბილისში ოპოზიციის საპროტესო აქცია 6 ნოემბერს გაიმართება

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ისაუბრა. აქციაზე ოპოზიციურმა ლიდერებმა შემდგომი გეგმა წარმოადგინეს. ნიკა მელიას თქმით, აქციის დღემდე ისინი ჩავლენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში. 

ამ ყველაფრის პარალელურად, ნიკა მელიას ცნობით, ოპოზიცია გაასაჩივრებს გაბათილებულ ბიულეტენებს. ეს გადაწყვეტილება მელიამ "დასავლელი პარტნიორების პატივისცემით" ახსნა, რომლებიც ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან ინსტიტუტებით ბრძოლისკენ მოუწოდებენ. 

"აქ ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ და ძალიან მალე კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით, ძალიან მალე. 

თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს ქართული ოცნების მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები. მე არ მახსოვს არცერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებაში, საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავისი ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ არ ეყოთ. მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგი, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის და ვიბრძვით, დიახაც, ახლა, როგორც არასოდეს, დღეს უფრო ემტად, ვიდრე გუშინ გამარჯვებისთვის. დიახაც, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა, ოლიგარქმა, მთავრობამ? არა ხალხის ხმამ უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომელმაც უბრალოდ დაირქვა სახელად ქართული ოცნება. 

ჩვენ თქვენთან ერთად არ ვაპირებთ უკან დახევას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი, ახლა გვადევნებს თვალყურს და მინდა, მივმართო: მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ. მე, როგროც შენი თანაგუნდელი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადეს, რომ ჩვენ შორის შუღლი ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ მეტი მოტივაცია მიჩნდება იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო გარეთ, დიდი ქართველი და ღირსეული". - თქვა ნიკა მელიამ. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები