მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"გავარკვევ, რამდენად არის დაცული მისი უფლებები" – სააკაშვილი უკრაინის ომბუდსმენმა მოინახულა

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ მოინახულა. დენისოვას თქმით, მისი მიზანია, გაარკვიოს, რამდენად არის დაცული ციხეში სააკაშვილის უფლებები. 

"გვქონდა შესაძლებლობა, მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად, მინდა გავეცნო მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვის არის საჭირო, მე მზად ვარ, შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი არის ის, გავარკვიო, რამდენად არის დაცული აქ მისი უფლებები". - ამბობს ის ფორმულას თარგმანის მიხედვით. 

დენისოვას ინფორმაციით, უკრაინელი ადვოკატი, რომელის საქართველოში სააკაშვილის მოსანახულებლად მოდიოდა, საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-მაც გაავრცელა

"გუშინ იყო ჩამოსული ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან. გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო, რა უნდა მიხეილს, რათა შემდეგ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ". - ამბობს დენისოვა.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები