მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ექიმები: მთავრობა წირავს სააკაშვილს, საჭიროებს მყისიერ გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ექიმთა ჯგუფმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას მულტიპროფილურ კლინიკაში. ექიმები ხაზს უსვამენ, რომ N18 ციხის სამკურნალო დაწესებულებას სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭირო რესურსი არ გააჩნია. 

"უკვე 26-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება, შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას – არც ახლა და არც არასოდეს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24-საათიანი მეთვალყურეობას და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა კონსილიუმი.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია. ეს დაადასტურა სახალხო დამცველმა. სამწუხაროდ, სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს". – თქვა ენმ-ს წევრმა, სოფო ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ეკატერინე მხეიძის თქმით, ექსპრეზიდენტის თანმხლები დაავადებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში მკურნალობის პირობებში, თუმცა შიმშილობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, გართულების შემთხვევაში, შესაძლოა, სააკაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარებამაც ვერ მიუსწროს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები