5 ივლისის ძალადობა

GDI: გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობას საშიში პრეცედენტის შემქმნელად მიიჩნევს. ორგანიზაციის პოზიციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ქმნის მომავალში აქტივისტების წინააღმდეგ კიდევ უფრო რეპრესიული პოლიტიკის გატარების საშიშ პრეცედენტს. GDI მიიჩნევს, რომ როდესაც 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი, დაზარალებულთა სანქცირება საზოგადოებაში აგზავნის მესიჯს, რომ სახელმწიფო არა დაზარალებულების, არამედ სწორედ მოძალადეების მხარესაა, შესაბამისად ამით სახელმწიფო ახალისებს ძალადობას.

"აღსანიშნავია, რომ  2021 წლის 5 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში, გიორგი თაბაგარი და მისი თანმხლები პირები, იყვნენ ძალადობრივი დევნის მსხვერპლნი. ისინი მრავალჯერ დადგენ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშე, თუმცა პოლიციამ ისინი არ დაიცვა. სწორედ მოძალადეებისგან გაქცევის დროს, ავტომანქანაში ყოფნისას, გიორგი თაბაგარს ძველი თბილისის სამმართველოს გამომძიებელმა დაურეკა და ოფისის კარის გასაღებად თბილისი პრაიდის ოფისში მისვლა მოსთხოვა. გამომძიებლის განცხადებით, ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სურდა. ამდენად, იმ ფონზე, როდესაც გიორგი თაბაგარისა და მისი თანმხლები პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რეალური საშიშროების წინაშე იყო და პოლიციის უმოქმედობის გამო უწევდათ მოძალადეებისგან დამალვა, შსს-ს თანამშრომელმა მას იმ ადგილას მისვლა მოსთხოვა, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

GDI მიიჩნევს, რომ გიორგი თაბაგარის მიერ პოლიციის კრიტიკა სრულიად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დაცვის ამერიკული სტანდარტი დაამკვიდრა, რომლის შესაბამისადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ძალადობის მყისიერი და რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

სასამართლო გიორგი თაბაგარს 2021 წლის 5 ივლისს სატელეფონო საუბრის დროს პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. დღეს, 22 ოქტომბერს სასამართლომ გიორგი თაბაგარი დამნაშავედ ცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა.


Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები.  სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყაTV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა".  პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები