4 ოქტომბრის საქმე

გვარაკიძე: თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო, სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია.

სასჯელის ალტერნატიული საშუალება ამ შემთხვევაში იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება და შემიძლია გითხრათ თამამად, რომ თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, რასაც ბრალდება ედავება და მოინანიებს, თუ გაასაჩივრებენ, და სააპელაციო სასამართლოში მოგვცემს აღიარებით ჩვენებას, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ.

თქვა ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან.

19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 7 პირს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას და ია დარახველიძეს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გააფორმეს.

კომენტარები